მანანა კობახიძის ინფორმაციით, გარდაბანში

მანანა კობახიძის ინფორმაციით, გარდაბანში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი ნასამართლევია

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მანანა კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გარდაბნის არჩევნებს სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, ბოიკოტს გამოუცხადებს.

კობახიძემ სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კანდიდატთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, მისი ინფომრაციით, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ბესიკ კახაბრიშვილი, წარსულში ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი.

"1994 წელს ბატონი ბესიკ კახაბრიშვილი დაკავებული იქნა და ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეხუთე და მეექვსე პუნქტებით. ეს არის ძველი რედაქცია. მას შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით, გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კლონიაში მოხდით. 1997 წლის 28 ივლისს ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით მსჯავრდებული ბესიკ კახაბრიშვილი შეწყალებული იქნა და დარჩენილი მოუხდელი სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით. ეს გახლავთ სამი წლითა და 6 თვის ვადით. ფაქტი ეხებოდა ყაჩაღობას", - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს სხვა ოპოზიცური პარტიების მსგავსად არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს და კანდიდატი მოხსნას. მისივე თქმით ბოიკოტი კანდიდატის მოსალოდნელი მარცხითაა განპირობებული.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ "ნაციონაური მოძრაობაც" ნამდვილად გეგმავდა და გეგმავს თავისი კანდიდატის მოხსნას და ბოიკოტორების რეჟიმის შეერთებას. იმ საფუძვლებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს, რა თქმა უნდა ამის მიზანია ამოეფარონ ამ ბოიკოტირების რეჟიმს. სინამდვილეში რეალური მიზეზი არის ის, რომ მათ კანდიდატს ნამდვილად არ აქვს გამარჯვების შანსი, მით უმეტეს, როდესაც არსებობს დაფარული ინფორმაცია, რომელიც ნამდვილად დარწმუნებული ვარ გარდაბნის ამომრჩევლებმა არ იციან", - განაცხადა კობახიძემ.