"იდეალურები არ ვართ, მაგრამ ნამდვილად არის პროგრესი და მისი არდანახვა შეუძლებელია"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის შენიშვნები, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეწერა, უკვე ჩავლილი საკითხებია.

პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში პროგრესი სახეზეა და მისი არდანახვა შეუძლებელია.

"ევროპარლამენტის რეზოლუციის 80% დადებითი იყო და 20%-ში ეწერა გარკვეული შეშფოთებები. ვფიქრობ, რომ კარგი კომუნიკაციით მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და მთელი დიპლომატიური კორპუსი მოწოდებული იქნება ამისკენ, რომ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია გავიტანოთ. ის საკითხები, რომელიც იქ ეწერა, ვფიქრობ, უკვე ჩავლილი საკითხებია. იყო "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. ვფიქრობ, აქ ყველა შეშფოთება არის მოხსნილი და ჩვეულებრივი სასამართლო განხილვის თემაა. უნდა იყოს გამჭირვალე პროცესი და ჩვენთვის მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უმაღლესი პრიორიტეტი ჩვენთვის, რომ განსაკუთრებით საარჩევნო წელს, ამ მიმართულებით არანაირი ეჭვები არ არსებობდეს. დღეს ვართ იმ სიტუაციაში, რომ ეს საკითხი შეშფოთების არანაირ საფუძველს აღარ იძლევა. რაც შეეხება სასამართლოსთან და სხვა საკითხებს, ვფიქრობ, ქვეყანაში პროგრესი სახეზეა. ჩვენ დღეს იდეალურები არ ვართ, მაგრამ ნამდვილად არის პროგრესი და მისი არდანახვა შეუძლებელია. დღევანდელ სიტუაციას რამდენიმე წლის წინანდელთან თუ შევადარებთ, ვფიქრობ, ვერავინ იტყვის, რომ ამ მიმართულებით არ გვაქვს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ კიდევ წინ მივდივართ, რომ იუსტიციის სისტემის რეფორმა, სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, პროკურატურისა და სამართალმწარმოებელი სისტემების რეფორმა მაქსიმალურად მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს. ეს არის მოწოდება და ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.