ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მედიასივრცე თავისუფალია.
როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის ღირებულებები, 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტია.
„ამჟამად, საქართველოში მედიასივრცე ისეთივე თავისუფალია, როგორც ბევრ სხვა შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვსარგებლობთ პლურალისტური მედიაგარემოთი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური ჩარევისგან. რაც შეეხება სატელევიზიო არხ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას, რომელმაც წარმოშვა გარკვეული კითხვები ქართულ საზოგადოებაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შელახულიყო კანონიერი საკუთრების უფლება, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია და სასამართლო პროცესი ყოფილიყო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან. იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა განაგრძოს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და კვლავაც დარჩეს ჩვენს მტკიცე მხარდამჭერად“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.