საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტს ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობას უხდის.
როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია.
„განსაკუთრებით ვაფასებთ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის დადასტურებას ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად. ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასოცირების შეთანხმება არ არის ჩვენი პროგრესული ურთიერთობების საბოლოო ეტაპი და კიდევ ბევრის მიღწევა შეგვიძლია ამ მიმართულებით. მადლობას ვუხდით ევროპარლამენტარებს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ზოგიერთი მიმართულებით კი გასცდა დადგენილ მოთხოვნებს. ველით, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და ასევე, მეტ შესაძლებლობას მისცემს ბიზნესსაზოგადოებას, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.