ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს იმ მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებობს, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" წევრმა დავით ჯანდიერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტართა შეფასებები ცხადყოფს, რომ საქართველო კვლავ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების აუცილებლობის წინაშე დგას და რომ აქამდე განხორციელებული ცვლილებები თანმიმდევრული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებული არ იყო.
"რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და დეპოლიტიზირების მნიშვნელობაზე, ასევე პროკურორების და გამომძიებლების დანიშვნის ბუნდოვან კრიტერიუმებზე. სასამართლოთა დამკვიდრებული საერთაშორისო სტანდარტებით ფუნქციონირება და მათ მიერ წინასწარი პატიმრობის გამოყენების მაღალი მაჩვენებელი, მედიის საქმეებთან დაკავშირებული უარყოფითი ეფექტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულების საკითხი და სხვა. ეს პრობლემები კვლავ გადაუწყვეტელია და ღიად რჩება", - აღნიშნა დავით ჯანდიერმა.
საქართველოს განვითარების ფონდი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ევროპარლამენტის რეზოლუცია და ამ მიზნით გაატაროს სათანადო რეფორმები, ასევე გადადგას ეფექტური ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად.