ლარი კი არ გაუფასურდა, მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომელიც ლარის გაუფასურებაზე საუბარს არასწორს უწოდებს.
"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ლარი არ გაუფასურებულა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. იგივე კურსი აქვს შენარჩუნებული ევროსთანაც და სხვა ვალუტებთანაც. აქედან გამომდინარე, ლარი კი არ გაუფასურდა, მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა. საიდან არის გამოწვეული?! რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს არა მარტო ჩვენს გარშემო ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რა მდგომარეობაშია ნავთობის ფასი. მგონი სარეკორდო ნიშნულამდეა დასული. აქედან გამომდინარე, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ.
მისივე თქმით, ფასები მხოლოდ გარკვეულ პროდუქტზე გაიზარდა, გარკვეულ პროდუქტზე კი პირიქით - შემცირდა. ტყემალაძეს ამის მაგალითად ხილის ფასი მოჰყავს.
"ზამთარში, როცა ვაშლის ფასი 4-5 ლარი იყო, ნახეთ დღეს რა ფასია. იმ საქონლის ფასი, რომელიც იმპორტზეა მიბმული, გარკვეული ნაწილით არის გაზრდილი, მაგრამ პროდუქტის, რომელიც ადგილობრივ წარმოებაზეა მიბმული - არა. ამიტომ არის, რომ ქვეყანა უნდა ზრუნავდეს, რათა ბაზარი ადგილობრივი საქონელით იყოს დაკმაყოფილებული, ყოველშემთხვევაში, ძალიან დიდი რაოდენობით მაინც. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართულებებიც სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ ადგილობრივ პროდუქციას შევუწყოთ ხელი", - აცხადებს ტყემალაძე.