საქართველოს მთავრობა მზად არის მწვანე შუქი აუნთოს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესის მონიტორინგს, - აღნიშნული განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც მედიას ეხება.
"თავიდანვე, როდესაც "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მოვლენები წამოიწია, ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და საერთაშორისო საზოგადოებას მივმართეთ, რათა სასამართლო პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალე გაგვეხადა. ყველა კარი იყო ღია, რათა იმ პროცესებისთვის, რაც "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარეობდა, საზოგადოებრივი მონიტორინგი გაეწიათ. ჩვენ ახლაც მზად ვართ, მწვანე შუქი ავუნთოთ ასეთ მონიტრინგს და რაც ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს, აბსოლუტურად გამჭვირვალე იყოს", - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მედიაპლურალიზმის და სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
"ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს მედიაპლურალიზმის, სარედაქციო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალე მედიამფლობელობის გარანტია, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში; მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის იდეას ექსპერტთა მისიის გაგზავნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის მრჩევლებს, ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან იქნება დაკომპლექტებული იმისათვის, რომ განიხილონ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საქმე", - აღნიშნულია ევროპარლამენტის დოკუმენტში.