ევროპარლამენტმა კონკრეტულ საქმეებზე დაკვირვების მიზნით, შესაძლოა, საქართველოში ყოფილი მოსამართლეებისგან შემდგარი ექსპერტთა მისია გამოგზავნოს
ევროპარლამენტმა საქართველოში კონკრეტულ საქმეებზე დაკვირვების მიზნით, შესაძლოა, ექსპერტთა მისია გამოგზავნოს. ამის შესახებ მზადყოფნას ევროპარლამენტი იმ რეზოლუციაში აცხადებს, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით გუშინ მიიღო.
დოკუმენტში უშუალოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზეა საუბარი, რასთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტი მხარს უჭერს საერთაშორისო ექსპერტთა მისიის გამოგზავნის შესახებ თავად საქართველოს მთავრობის იდეას.
"ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის იდეას ექსპერტთა მისიის გაგზავნის შესახებ, რომელიც მაღალი დონის მრჩევლებს, ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან იქნება დაკომპლექტებული იმისთვის, რომ დააკვირდეს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საქმეს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
იმ საქმეების სასამართლო განხილვებზე მონიტორინგის განხორციელების წინადადებით, რომლებზეც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობს, უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. მან შესაბამისი განცხადება რამდენიმე თვის წინ გააკეთა.