ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია, სომხეთს გაზი სრული მოცულობით ირანიდან მიაწოდოს.
მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით რუსეთზეა დამოკიდებული.
"რუსეთს რეალურად აქვს შესაძლებლობა სომხეთს ბუნებრივი აირი ირანიდან მიაწოდოს. დღესაც აწვდის, თუმცა, არა მთლიანი მოცულობებით. გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, მათ ექნებათ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სომხეთის ბაზარი ირანიდან მიწოდებული ბუნებრივი აირით. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. უნდა გავითვალისწინოთ, ასევე გარკვეულწილად, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოკიდებული ვართ რუსეთზე, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. რეგიონში არსებული ქვეყნებიდან, ყველაზე საუკეთესო ფასი არის დადებული ელექტროენერგიაზე რუსეთიდან", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ნებისმიერ კომპანიას აქვს უფლება, ბუნებრივი აირის შემოტანაზე დაელაპარაკოს "სოკარს" ან თუნდაც "გაზპრომს".
"კომერციული ბაზარი არის დერეგულირებულია, ყველა კომპანიას აქვს უფლება დაელაპარაკოს, იქნება ეს "სოკარი" თუ "გაზპრომი" და სადაც უკეთეს ფასს მიიღებს, იქიდან შემოიტანოს ბუნებრივი აირი, ამაში სახელმწიფო არ ერევა. რაც შეეხება რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებას, არ ვიცი, ამას გინდ ულტიმატუმი, გინდ მოთხოვნა დაარქვით, საუბარი მიმდინარეობს, რომ მოხდეს გატარებული ბუნებრივი აირის თანხობრივი ანაზაღურება. ჩვენ, ქართულ მხარეს გვაქვს სურვილი და გვინდა მივიღოთ, იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის სახით და ასევე, გვინდა გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენის მოთხოვნაც იქნება ბაზარზე და ამაზე არ უნდა ვიყოთ შეზღუდულები", - განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით "გაზპრომის" წარმომადგენლებთან მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.