ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე ლარის კურსის ვარდნის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. როგორც თვალჭრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლარის გაუფასურების როგორც საგარეო, ისე საშინაო მიზეზებია. მათ შორის, თვალჭრელიძე გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის უმოქმედობას ასახელებს.
"ლარის კურსთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები რამდენიმე მიზეზის გამო არ მაქვს. საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა ლარისთვის სახარბიელო არ არის. მეორე მიზეზი არის საშინაო მიზეზი, რომელიც გამოწვეულია იმისგან, რომ დღემდე უცნობია თუ ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ასეთ სიტუაციაში ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ფრთხილობს და არსებით ქმედით ზომებს არ მიმართავს იმისთვის, რომ ლარი გააძლიეროს. მესამე მიზეზი არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მთავრობის პასიურობა ეროვნულ ბანკთან მიმართებაში და მთავრობის მხრიდან არ არსებობა იმ ფინანსური მექანიზმების, რომელიც ლარს გააძლიერებს", - განაცხადა თვალჭრელიძემ.
მისივე თქმით, მექანიზმები, რომლითაც ლარის კურსის დასტაბილურება შესაძლებელია, მარტივია.
"ეს მექანიზმები არის მარტივი. ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად, ძალიან შეწყობილად უნდა გააკონტროლონ ყოველდღიურად ფარდობა მიმოქცევაში მყოფი უცხოური ვალუტის და ეროვნული ვალუტის და შეამციროს მიმოქცევაში მყოფილი ლარის ბანკნოტები, რაც თავის დროზე, 98 წლის რუსეთის დეფოლტის შემდეგ გააკეთა ირაკლი მანაგაძემ და ლარის კურსი შეინარჩუნა. ხისტი ქმედებებია მისაღები. ჩვენი ეკონომიკა ასეთ ქმედებებს ძალიან კარგად გაუძლებს, ხოლო მოსახლეობისთვის ეს იქნება შვება განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც დოლარში სესხი აქვს აღებული", - განაცხადა თვალჭრელიძემ.
მისივე თქმით, აბსოლუტურად არასწორია იმის ციტირება, რომ აზერბაიჯანული მანათი გაუფასურდა.
"პრეზიდენტმა ალიევმა სპეციალურად გააუფასურა მანათი იმისთვის, რომ რუსეთთან სავაჭრო ბალანსი დადებითი ჰქონდეს", - აღნიშნა ექსპერტმა.