ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთის დასადგენად გამოძიება გრძელდება-მამუკა ვასაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს და ძალიან მალე მათი ვინაობაც ცნობილი გახდება. ამის შესახებ მამუკა ვასაძემ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში ისაუბრა.
„დამკვეთის დასადგენად გამოძიება მრავალ ვერსიაზე მუშაობს, მე კონკრეტული გვარების და ვერსიების დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ჩვენ მრავალ ვერსიებს განვიხილავთ, ეს ვერსიები ხარძიანის წარსული ცხოვრებიდან და მის ქონებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს. ჩვენთვის პრიორიტეტი არის მტკიცებულებების შეკრება და კონკრეტული მტკიცებულებებით საუბარი.გამოძიების დღემდე არ გამჟღავნების ერთადერთი მიზეზი საქმეზე გამოძიების ინტერესების არ დაზიანება იყო. დამკვეთებზე მუშაობა გრძელდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაშიც, დღესაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში რა მტკიცებულებებსაც შევკრიბავთ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ.“-განაცხადა ვასაძემ.