ჯანდაცვის სამინისტრო "გლობალურ ალიანსთან" ერთად მოსახლეობის საჭიროებებზე ერთი თვის განმავლობაში გამოკითხვას ჩაატარებს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, დღეს მინისტრმა დავით სერგეენკომ და "გლობალური ალიანსის" პრეზიდენტმა, ჟან ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგზე ითქვა, რომ სამინისტრო ახალ სოციალურ ინიციატივას - "რა გაწუხებთ" განახორციელებს, რომელზედაც მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში უპასუხებს სხვადასხვა სახის კითხვებს და მათი სამედიცინო საჭიროებების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას მიიღებს.
გამოკითხვა უშუალოდ 25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით დაიწყება. ინტერნეტმომხმარებლებისათვის კითხვარის შევსება მომხმარებელს შეუძლია ვებგვერდზე: www.1505.ge ასევე, კითხვარები დარიგდება ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში.
როგორც სამინისტროში განმარტეს, ამით სამინისტრო საზოგადოების სამედიცინო საჭიროებებს კიდევ უფრო ზუსტად განსაზღვრავს და ამის მიხედვით შემდგომ დაიგეგმება ახალი პროექტები.
"დეტალურად გავეცნობით იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს აწუხებს, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია საჭიროდ ჩავთვალეთ. "გლობალურ ალიანსთან" ერთად გადავწყვიტეთ განვახორციელოთ ეს ინიციატივა", - განაცხადა მინისტრმა.