"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის "გაზპრომზე" დამოკიდებულების გასაზრდელად მიმართული მცდელობის ერთ-ერთი მიზეზი, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესია.
როგორც კანდელაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე მთავრობას არ მიეცეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.
"როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, რომ საქართველოს "გაზპრომზე" დამოკიდებულების გასაზრდელად მიმართული მთავრობის აგრესიულ მცდელობის ერთ-ერთი მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესიცაა. ამ ეჭვის თანახმად, ივანიშვილს, რომელიც ოფიციალური ცნობებით წარმოადგენდა "გაზპრომის" ყველაზე მსხვილ მეწილეს - საკუთარი მილიარდ დოლარიანი წილი ამ ორგანიზაციაში არ გაუყიდია. გუშინ, წამყვან შვეიცარიულ გაზეთებში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის აქციებში ინვესტირების გამო ბანკ "კრედიტ სუისში" (რომელშიც მას დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარი აქვს განთავსებული) 100 მილიონ აშშ დოლარი იზარალა. ურყევი რეპუტაციის გაზეთები, მაგალითად როგორიცაა LLe Temps დაHandelszeitung ივანიშვილს "გაზპრომის" მეწილედ მოიხსენიებენ.
ამდენად, მსგავსი სანდოობის და მყარი რეპუტაციის წყაროები ადასტურებენ იმას რაც ქართველი ხალხისთვის ისედაც ცხადია: გარდა რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის ზრდისა, "გაზპრომთან" დაკავშირებით მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ბიძინა ივანიშვილის ჯიბეცაა. სახეზეა უმწვავესი კონფლიქტი ამ პიროვნების ჯიბის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
"ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს, საქართველოს პრეზიდენტს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომა, სადაც "გაზპრომთან" დაკავშირებით იმსჯელებენ.
"ჩვენი მხრივ, მზად ვართ ამ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. აუცილებელია ივანიშვილის არჩევნების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე ამ მთავრობას არ მიეცეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ოპოზიცია და საზოგადოება ამას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს", - აღნიშნა კანდელაკმა.