ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმებების საკითხზე რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტს ევროდეპუტატებმა სტრასბურგში, პლენარულ სესიაზე უყარეს კენჭი და ის ევროპარლამენტარების მიერ მხარდაჭერილი შესწორებებით იქნა მიღებული.
დოკუმენტში საუბარია საქართველოს სასამართლო სისტემის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის გამჭვირვალე მუშაობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. ასევე რეზოლუციაში გარკვეული შენიშვნებია გამოთქმული წინასწარი დაკავების მექანიზმთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს უნდა იყოს გამოყენებული.
რეზოლუციაში ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს მედიაგარემოზეც. ევროპარლამენტარები მედიაპლურალიზმის უზრულველყოფის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ასევე საუბარია კონკრეტულად "რუსთავი 2"-ის საქმეზე.
კენჭისყრამდე, რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დებატებიც.