სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაემგზავრა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პატრიარქი ჟენევაში თანმხლებ პირებთან ერთად დღეს გაემგზავრა.
მათივე ინფორმაციით, მისი უწმინდესობის ოფიციალური თანმხლები პირები არიან: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარშენიძე) - საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; ასევე: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); ბერი ანთიმოზი (ჯავახიშვილი).
საპატრიარქოს ინფორმაციით, თავდაპირველად, შეხვედრა იგეგმებოდა კონსტანტინეპოლში, მაგრამ რიგი გარემოებების გათვალისწინებით, მსოფლიო პატრიარქმა სხდომა ჟენევაში, შამბეზის ცენტრში გადაიტანა.
"აქ მოხდება პრობლემური საკითხების ხელახალი განხილვა და მომავალი კრების დღის წესრიგის განსაზღვრა. როგორც ცნობილია, სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრებიან ანტიოქიის და პოლონეთის ეკლესიათა მეთაურები, ასევე ელადის (საბერძნეთის) მთავარეპისკოპოსი. ისინი დელეგაციებს აგზავნიან და მათი სახით იქნებიან წარმოდგენილნი", - განმარტავენ საპატრიარქოში.
მათივე ცნობით, შეხვედრა ექვს დღეს გასტანს და 28 იანვარს დასრულდება.