სამწუხაროდ, მთავრობა განცხადებებს ვერ გასცდა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით , იმისთვის, რომ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს, საგანგებო ზომების გატარებაა საჭირო.
"სამწუხაროდ, მთავრობა განცხადებებს ვერ გასცდა. დღეს საჭიროა ძალიან აქტიური ქმედება. მარტო ბრტყელი ლაპარაკი ეკონომიკაზე, თუ სასწრაფოდ არ შეიცვალა სახარჯო პოლიტიკა, თქვენ ხედავთ, როგორ წავიდა ლარის დევალვაცია. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს თანამოქალაქეებზე. სამწუხაროდ, პროდუქტი გაძვირდება, სამუშაო ადგილები დაიკარგება. საჭიროა საგანგებო ზომების მიღება იმისთვის, რომ ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი არ მიიღოს და, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს არაეფექტური პოლიტიკა. საერთოდ მთავრობა გადასულია დამკვირვებლის რეჟიმში და არაპროაქტიურად. არც კი იკრიბება თუნდაც ის ფორმალური ორგანოები, რომელიც პასუხისმგებელია დღეს ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.