ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, თუმცა შენიშვნების გათვალისწინებით.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე განმარტავს, მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არსებობს, როცა ევროპის სასამართლომ რამდენიმე ქვეყანას ანალოგიური გადაწყვეტილების გაუქმება აიძულა.
"მართალია საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ჩვენ, ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისკენ მივისწრაფვით. აქედან გამომდინარე, დაზუსტებით გვაინტერესებს, ამგვარი აკრძალვა რაიმე წინააღმდეგობას გამოიწვევს თუ არა და რაიმე სასაყვედურო ხომ არ იქნება. გვინდა ევროინტეგრაციის კომიტეტმაც მოგვცეს დასტური, რომ აღნიშნული რეგულაციის მიღება საქართველოს რაიმე პრობლემას არ შეუქმნის, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე" , – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.
ტყემალაძე საჭესთან მობილურით საუბრის გამო არსებული ადმინისტრაციული ჯარიმის განაკვეთის გაზრდას არ იზიარებს.
მისივე თქმით, არ შეიძლება გზებზე თვალთვალი დახურულად განხორციელდეს და თვალთვალთან დაკავშირებული მინიშნებები უნდა არსებობდეს.