ბესიკ ხარძიანის ოჯახის ინეტერსების დამცველის მალხაზ სალაყაიას განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადებული შედეგები მათთვის მისაღებია.
როგორც სალაყაიამ "პირWელს" განუცხადა, ის, რაზეც გამოძიებამ დღეს ისაუბრა, ხარძიანების ოჯახისთვის მკვლელობის დღიდანვე იყო ცნობილი.
"ეს ის შედეგია, რომელიც პირველივე დღეებიდან იცოდა დაზარალებულის მხარემ და აქედან გამომდინარე, ოჯახი აბსოლუტურად ენდობა იმ შედეგებს, რომელიც სასამართლოში დევს. გრძელდება გამოძიება. ამ ეტაპზე ჩვენ მას ვეთანხმებით", - განაცახდა სალაყაიამ
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმე დღეს გახსნილად გამოაცხადა.
მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს, მათი მხილების მიზნით გრძელდება ინტენსიური გამოძიება, ხოლო ძებნილ პირთა ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს მოკლეს.