შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის აზრით, მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება მდიდარი და ღარიბი მძღოლების გათანაბრების მექანიზმი იქნება.
როგორც მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ვისაც ბევრი ფული აქვს, არ უნდა იყოს პრივილეგირებული იმ თვალსაზრისით, რომ ჯარიმის სახით 5 000 ლარი გადაიხადოს და გზებზე საფრთხის შექმნა გააგრძელოს.
"მართვის მოწმობებზე ქულების გამოკლების პრინციპი ისეა შედგენილი, რომ თითოეულ მძღოლს საშუალება აქვს, მოძრაობის წესები 4-5 ჯერ დაარღვიოს, ხოლო ვინც 27-ჯერ დაარღვევს, მართვის მოწმობას დაკარგავენ და გამოცდის ხელახლა ჩაბარება დასჭირდება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ისინი ნამდვილად იცნობენ წესებს და მათი მხრიდან წესების დარღვევა უპასუხისმგებლობის ან არცოდნის შედეგი არ იყო. გამოცდას სავარაუდოდ, ფსიქოლოგთან გასაუბრების კომპონენტიც ექნება", - აცხადებს შალვა ხუციშვილი.
მისივე განმარტებით, ქულათა სისტემა სხვა ქვეყანაში აღებულ მართვის მოწმობებზეც გავრცელდება.
"სამწუხაროდ, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში იღებენ მართვის მოწმობას, სადაც უფრო იოლია მართვის მოწმობის აღება. იმისთვის, რომ შავი ხვრელები ავიცილოთ, ეს უცხოელებზეც გავრცელდება. სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ ქულების შემცირება მძღოლს სმს-ით შეატყობინოს და ამცნოს, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვა მის დარღვევას. ვიდეო-ჯარიმების დროს ქულები არ იმოქმედებს. ქულები იმოქმედებს მხოლოდ საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქის დაჯარიმების დროს", - განმარტავს შალვა ხუციშვილი.
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავათიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.