პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა „ერთი სარტყელი-ერთი გზა“ ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, სესიაზე Eurasia and the Modern Silk Road განაცხადა, ევროპას სჭირდება ჩინეთისა და აზიის ქვეყნების დინამიურობა, ხოლო აზიის ქვეყნებს სჭირდებათ ევროპული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ.
"ეს არის სხვადასხვა მარშრუტების ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. რაც შეეხება საქართველოს, ახლახანს, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მოდერნიზაციის მიზნით. შენდება გზატკეცილები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობლებთან, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შევიმუშაოთ სამხრეთკავკასიური დერეფნის მართვის ერთიანი მიდგომა. ახლახანს განხორციელდა პირდაპირი სარკინიგზო რეისები სინძიანის პროვინციიდან ევროპაში, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით და შემდეგ შავი ზღვის ან თურქეთის გზით. ასე რომ, ეს მიმარულება ძალიან სწრაფად ვითარდება და სახეზეა მზარდი მოთხოვნა. სინძიანის პროვინციიდან მატარებელი თბილისში ჩავიდა 7 დღეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთიდან მომავალ მატარებელს დასჭირდება 10-11 ევროპაში ჩასასვლელად. შესაბამისად, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ პროდუქციის ინტენსიურ ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით, დაზოგავენ სამუშაო კაპიტალთან დაკავშირებულ ხარჯებს, რის წყალობითაც საგრძნობლად გაიზრდება ამ მარშრუტის კონკურენტუნარიანობა. მეორე მხრივ, ლაპარაკი არ არის მარშრუტებს შორის მეტოქეობაზე. ეს არის მეგობრული კონკურენცია, რომელიც, ჩემი აზრით, ზრდის ეკონომიკურ დინამიურობას ევრაზიის მთელ კონტინენტზე და ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ეს არის პარტნიორობის პროექტი. ეს უფრო პარტნიორობის პროექტია, ვიდრე კონკურენციის. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას .მშენებლობა დაიწყება უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, ჩვენს დღის წესრიგში არის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ემსახურება საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას", - განაცხადა კვირიკაშვილმა