ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხზე დებატები გაიმართა.

დეპუტატებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს და შეაფასეს ის პროგრესი, რომელსაც სამივე ქვეყანამ რეფორმების გზაზე მიაღწია.

ევროდეპუტატმა ანა ელჟბეტა ფოტიგამ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ წარმოადგენს დესტაბილიზაციის ფაქტორს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის. მან მხარი დაუჭირა სამივე ქვეყანაში რეფორმების გატარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს რაც შეიძლება სწრაფად.

თავის მხრივ, პლენარულ სესიაზე დეპუტატმა ჰეიდი ჰაუტალამ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დადებული შეთანხმებები სამივე ქვეყნისთვის არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ისინი კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენ მიმართულ რეფორმებს ატარებენ. დეპუტატის მოსაზრებით, ევროპარლამენტმა ამ გზაზე სამივე ქვეყანას ყველანაირი სახის დახმარება უნდა გაუწიოს.

პლენარულ სესიაზე სიტყვით ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე კარიმ საჯადიც გამოვიდა, რომელმაც ისაუბრა, თუ რა შეიცვალა საქართველოში რეფორმების გატარების კუთხით მას შემდეგ, რაც ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ამოქმედდა.

მისი თქმით, საქართველომ კარგი შედეგები აჩვენა საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში. გარდა ამისა, მისი თქმით, რეგიონში უარყოფითი ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად, ევროკავშირში ქართული პროდუქციის იმპორტი 15%-ით გაიზარდა.

კარიმ საჯადმა ასევე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული პროგრესი მიულოცა. მისი შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

განცხადება ევროდეპუტატმა პეტრას აუსტრევიჩუსმაც გააკეთა. მისი შეფასებით, რუსეთი ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების დადებას იმის გამო ეწინააღმდეგებოდა, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა კონტრასტშია იმ სიტუაციასთან, რომელიც დღეს რუსეთში არსებობს. დეპუტატმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და პატივი სცეს კონსტიტუციური და სხვა სასამართლოების დამოუკიდებლობას.

თავის მხრივ, დეპუტატმა რიჩარდ ჰოუიტმა შეახსენა სესიის მონაწილეებს, რომ შერჩევითი სამართალისა და კორუფციის პრობლემა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ყველა ქვეყანაში არსებობს. მან მოუწოდა ევროპარლამენტს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.