საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეები საქართველოს და ამერიკის მთავრობების გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
ნულანდის და კვირიკაშვილის შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
"ნულანდმა კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეხვედრაზე განხილული იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და მხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოს და ამერიკის მთავრობების გაცვლით ვიზიტებზე. ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე და თბილისში სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში პლენარული სესიის გამართვის საკითხებზე", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.