ლარის კურსი ახლოსაა საგანგაშო ზღვართან, მთავრობას მოვუწოდებთ გამოფხიზლდეს

ლარის კურსი ახლოსაა საგანგაშო ზღვართან, მთავრობას მოვუწოდებთ გამოფხიზლდეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ლარის კურსის ”დასაჭერად” ბოლო 13 თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკს 407 მილიონამდე დოლარი აქვს რეზერვიდან დახარჯული. როგორც ზურაბ მელიქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, მთავრობის ზერელე დამოკიდებულება პირველ რიგში აისახება ეკონომიკის შემცირებაზე, ამავდროულად ლარის გაუფასურებაზე და ეს ყველაფერი ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურად ღარიბდება.

"ლარის კურსი კვლავ ეცემა. ბოლო 13 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავს შეუქცევადად და დაახლოებით 407 მილიონი დოლარი არის უკვე რეზერვიდან დახარჯული ისე, რომ უკან ერთი დოლარი არ არის შესყიდული. მცირდება ექსპორტი, ინვესტიციები, მთავრობა კი ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებს და შემოფარგლულია მხოლოდ ზერელე განცხადებებით", - განაცხადა მელიქიშვილმა.

როგორც უმცირესობის წევრი დეპუტატი აცხადებს, ახლა თითოეულ დღეს და საათს აქვს მნიშვნელობა, რადგან ვალუტის კურსი ახლოსაა საგანგაშო ზღვართან, 2,50-თან.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გამოფხიზლდეს. დღეს არ არის პოლიტიკური კინკლაობის დრო. დღეს მთავარი საზრუნავი არის ჩვენი მოსახლეობა და ის, რომ უნდა გადავარჩინოთ ეროვნული ვალუტა. არ შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის ბერკეტების და სავალუტო რეზერვების იმედად ყოფნა, გამომდინარე იქედან, რომ ეს ყველაფერი არის ამოწურვადი", - განაცხადა მელიქიშვილმა.