ევროკავშირი მუშაობს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს

ევროკავშირი მუშაობს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს

საქართველომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიზნით შთამბეჭდავი ნაბიჯები გადადგა, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში გუშინ გამართულ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იოჰანეს ჰანმა საქართველოს, უკრაიანისა და მოლდოვას პროგრესზე ისაუბრა.

"საქართველომ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისთვის შთამბეჭდავი ძალისხმევა გასწია, შედეგები უკვე შესამჩნევია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდის კუთხით. სხვა ინდიკატორებიც იმედის მომცემ ნიშნებს გვაძლევს", - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარმა ვიზალიბერალიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება და საქართველოს მიერ ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი.

"ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დაამტკიცა, რომ იგი არის ეფექტური ინსტრუმენტი რეფორმების წახალისებაში. თუმცა, საქართველო გასცდა სამოქმედო გეგმის ნიშნულებს და გადადგა უფრო მეტი ნაბიჯები სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების კუთხით. ამის შედეგი იყო ჩვენი დადებითი ანგარიში გასული წლის დეკემბერში," - განმარტა ევროკომისარმა.

როგორც იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს.

ევროპარლამენტში გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე იმსჯელეს, დღეს კი აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტს ეყრება კენჭი.