აშშ საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის ყველა სახელმწიფო დონეზე, ასეთი ძლიერი ჯერ არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უცხოელი ჟურნალისტისთვის აშიშ კუმარ სენისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მისი მოსაზრებით, საჭიროა საქართველო-აშშ-ს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების შექმნა.
"მჯერა, რომ დროა ავიყვანოთ ჩვენი პარტნიორობა ახალ დონეზე და ქართულ-ამერიკული ურთიერთობა გავხადოთ რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის საყრდენი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ევროკავშირი-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციების მნიშვნელობას. მისი შეფასებით, "ეს იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის".
"ევროპული კომისიის რეკომენდაციები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე აღიარებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ფასეულობებისადმი და მთავრობის უნარს, განახორციელოს საჭირო და ეფექტური რეფორმები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ მიმართული რეფორმების ერთგული რჩება.
გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუში რუსეთის ფაქტორზეც ისაუბრა.
"რუსეთის ქმედებების, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან დადებულ ე.წ. თანამშრომლობის შეთანხმებების პირობებში, ჩვენ არ შეგვიძლია სიფხიზლე მოვადუნოთ.
ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგებისკენ მიმართულ ნაბიჯებს ვდგამთ. გვსურს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ხალხმა ისარგებლოს თანამედროვე ქვეყნის მნიშვნელოვანი ბენეფიტებით, რომელიც სრულად ინტეგრირებულია ევროპულ და გლობალურ ეკონომიკაში. მთავარი ჩვენი ინსტრუმენტი გამარჯვების მისაღწევად დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებაა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ "დადებითი ცვლილებაა".