უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოში სამუშაო შეხვედრები გამართა.
უზენაესი სასამართლოს ცნობით, შეხვედრებზე მოსამართლეებთან ერთად, ნინო გვენეტაძემ განიხილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის "გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის" ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები, დაათვალიერა სასამართლო შენობები და მოწმეთა დაკითხვისათვის განკუთვნილი ოთახები, ასევე, იქ არსებული ინფრასტრუქტურა.
უზენაესი სასამართლოს ცნობით, ასეთივე შეხვედრები უკვე გაიმართა მარნეულის მაგისტრატ და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში.
უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა სასამართლოების დათვალიერება და ყველა იმ საკითხების ადგილზე შესწავლა, რაც უკავშირდება გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის ამოქმედებას.
"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უშუალოდ მოსამართლეებისგან მოისმინა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, რომელიც შეეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ასევე ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ასპექტებს", - აცხადებენ უზენაეს სასამართლოში.