დღეს ლონდონის სამეფო სასამართლო ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმეზე ვერდიქტს გამოიტანს. როგორც დასავლური მედია წერს, განაჩენს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სხდომაზე წარადგენენ.
როგორც მოსალოდნელია, სწორედ დღეს გახდება ცნობილი, ჰქონდათ თუ არა ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან კავშირი რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პასუხი დადებითი იქნება. როგორც "დოიჩე ველე" წერს, თუ რუსული სპეცსამსახურების კავშირი დადასტურდა, რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები დაწესდეს.
ლონდონის პოლიციის ოფიციალური ვერსიით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში რადიაქტიური პოლონიუმით მოწამლეს. იმ დროისთვის ის უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნივთიერება ლიტვინენკოს, ჩაის ჭიქაში ყოფილმა კოლეგამ ანდრეი ლუგოვოიმ ჩაუყარა, რომელიც ამჟამად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია. ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან კავშირი რუს ბიზნესმენ დიმიტრი კოვტუნსაც აქვს.
ლიტვინენკოს მეუღლის, მარინა ლიტვინენკოს ინფორმაციით, მოწამვლამდე მისი მეუღლე აქტიურად თანამშრომლობდა ბრიტანულ და ესპანურ სპეცსამსახურებთან.
2007 წელს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ რუსეთს, ლუგოვოისა და კოვტუნის ექსტრადირება მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.