შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საქმეში არსებული გარემოებები გამორიცხავს ვახტანგ ქირიას მკვლელობას მისი პროკურორობის გამო. ამის შესახებ თალაკვაძემ "2030"-ში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ გამოირიცხა თავიდანვე ქირიას სამსახურებრივი საქმიანობა მკვლელობის მოტივად.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მკვლელობის მოტივი ამ შემთხვევაში დადგენილი არ არის, მაგრამ გამოძიება ამის დადგენაზე მუშაობს.
"რაც შეეხება იმის გამორიცხვას, რომ ვახტანგ ქირია საპროკურორო საქმიანობის და მის მიერ გამოძიებულ საქმეებზე ზეგავლენის მოხდენით მიზნით იქნა მოკლული, ეს გამოირიცხება ძალიან უბრალო და ძალიან ნათელი არგუმენტებით: ის არ მუშაობდა მაღალი პროფილის საქმეებზე და არ მუშაობდა ამ საქმეებზე მარტო, ის არ მუშაობდა მაღალი რისკის საქმეებზე და მას არც ერთხელ არ მოუთხოვია რაიმე სპეციალური დაცვის უზრუნველყოფა მისთვის იმის გამო, რომ რაიმე საფრთხე ემუქრებოდა.
ასევე, ნებისმიერი გამოძიება, განსაკუთრებით მაღალი პროფილის საქმეები, რომელსაც გამომძიებლები აწარმოებენ, არის დოკუმენტირებული გამოძიების ყველა ეტაპზე. თითოეული ფორმალური პროცედურა, ჩვენება, მტკიცებულებები და გარემოებათა მოპოვება არის იდენტიფიცირებული, დოკუმენტური და ეს არ ინახება რომელიმე ერთი ადამიანის ჯიბეში, ტელეფონში ან თუნდაც მის სახლში, კარადაში. ეს ინფორმაცია არის სახელმწიფო დაწესებულებაში სათანადოდ წესით შენახული. ასე რომ, რომელიმე პროკურორის ვინმეს მიერ ლიკვიდაცია ვერანაიარად ვერ იქნება თუნდაც 10%-იანი გარანტია, რომ ამ საქმეების გამოძიება შეწყდება, შეჩერდება ან სახელმწიფოს შეეშინდება ეს საქმეები გამოიძიოს.
ეს და სხვა გარემოებები, რომელზეც ჩვენ გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე ჯერ ვერ ვსაუბრობთ, გამორიცხავს იმას, რომ ის მოკლეს იმის გამო, რომ იყო პროკურორი. თუმცა ეს იყო ძალიან მძიმე მკვლელობა", - განაცხადა თალაკვაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ოპონენტების ბრალდებებს, რომლებმაც პროკურორის მკვლელობას სახელმწიფოს ჩამოშლა უწოდეს. "თუნდაც სხვა საქმეები რომ ავიღოთ, იგივე ბიძინა კუჭავას გერის მკვლელობა, მისი დის გაუჩინარება, ნინუების მკვლელობა, მაღალდაძის მკვლელობა, ეს უმძიმესი დანაშაულები მოხდა 2005-2009 წლებში და ეს საქმეები არ არის გახსნილი. იგივე ადამიანები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი ამ საქმეების გახსნაზე, დღეს გამოდიან და უსირცხვილოდ ამბობენ, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა", - განაცხადა თალაკვაძემ.