პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის აზრით, მძღოლს 100 საჯარიმო ქულის დაგროვების შემთხვევაში, მართვის უფლება ხანგრძლივი ვადით უნდა შეუჩერდეს, მაგრამ მართვის მოწმობა არ ჩამოერთვას.
"ზოგიერთი მძღოლისთვის ფულადი ჯარიმების გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს - ისინი წესების დარღვევას არ ერიდებიან. ნებისმიერი წესების დარღვევა საგზაო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. საგზაო დარღვევამ შეიძლება ზოგჯერ ნაკლებად მძიმე პრობლემა გამოიწვიოს, ზოგჯერ - მძიმე შედეგი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, ჩვენთან ავტოკატასტროფების შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი დაახლოებით ათჯერ მეტია, ვიდრე მკვლელობა, რომელიც ქვეყანაში ხდება. ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვამ იკლო და ეს იმიტომ მოხდა, რომ ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა გაატარა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის, რის გამოც ჯარიმების გარდა, სხვა პრევენციული სქემაც უნდა შეიქმნას", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
მისივე ცნობით, მთავრობა და პარლამენტის წევრები 100-ქულიანი სისტემის შემოღების საჭიროებაზე ფიქრობენ, რაც პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტისგან განსხვავებული სქემით უნდა მოხდეს.
"თუკი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, 100 საჯარიმო ქულა დამიგროვდა, მე მართვის უფლებას ვკარგავ, მართვის უფლება ჩამომერთმევა და მხოლოდ ორი თვის შემდეგ მექნება უფლება, გამოცდა ხელახლა ჩავაბარო და მართვის უფლება ისევ ავიღო. ვფიქრობთ, რომ ეს შემდეგნაირად შევცვალოთ: - თუკი 100 საჯარიმო ქულა დაგროვდა, პირს მართვის უფლება უფრო ხანგრძლივი ვადით – ოთხი, ხუთი, ექვსი თვით უნდა შეუჩერდეს და არა - ჩამოერთვას, ხოლო თუ ამ პირს უნდა მართვის უფლება უფრო ადრე მოიპოვოს, მაშინ გამოცდა ჩააბაროს და დაადასტუროს, რომ მან მანქანის მართვაც იცის, მოძრაობის წესებიც იცის. თუკი გამოცდაზე გასვლა არ სურს, მაშინ ის რამდენიმე თვის განმავლობაში მანქანას ვერ მართავს", - განმარტავს ხმალაძე.