ბიძინა კუჭავას გარდაცვალების საქმის მოწმე დავით პოპოვი კუჭავას ოჯახის ადვოკატებთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამ შეხვედრას ფარული კამერით იღებდა.
როგორც დავით პოპოვმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, ის არც იმ ინფორმაციას ადასტურებს, თითქოს კუჭავას ოჯახის ადვოკატებთან შეხვედრა მისი ინიციატივით შედგა.
"არაფრის ინიციატორი არ ვყოფილვარ. გუშინ დამირეკა ჩემი მეგობრის შვილმა, ვაჟა ჩიკვილაძემ და მითხრა, რომ ბიძინას შვილს და ადვოკატს სურს შენი ნახვა და აინტერესებდათ სახლის მისამართიო. ამაზე მე მომენტალურად ვუთხარი უარი, რომ არავის არც ტელეფონი მისცე, არც მისამართი მისცე და არავისთან შეხვედრა არ მსურსმეთქი", - განაცხადა პოპოვმა.
კითხვაზე, ადვოკატები ამბობენ, რომ დავით პოპოვს ეცვა სპეციალური პერანგი, რომელიც მხოლოდ სუს-ის თანამშრომლებს აცვიათ, მან განაცხადა, რომ ის არც სუს-ში მუშაობს, არც პროკურტურაში და არც ერთ ძალოვან სტრუქტურას არ ეკუთვნის.
"მე ვიმყოფები 1993 წლიდან რუსეთის ფედერაციაში, ვარ რუსეთის მოქალაქე და საქართველოში ჩამოვდივარ იმიტომ, რომ აქ დედა მყავს შეუძლოდ", - განაცხადა პოპოვმა.
რაც შეეხება ფარული კამერის ქონას, პოპოვი ირწმუნება, რომ ფარული კამერა არ ჰქონდა და მხოლოდ ხმას იწერდა საკუთარი ტელეფონით, ისიც იმიტომ, რომ პროვოკაციას ელოდა. "რა სპეციალური პერანგი, ეს საერთოდ რა არის, არ ვიცი. რაც შეეხება ჩაწერას, ვიწერდი ჩემი მობილური ტელეფონით ხმას, არ ვიღებდი", -განმარტა დავით პოპოვმა.