"რესპუბლიკელი" დეპუტატის, ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, კოალიციის ახალი ლიდერისა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის არჩევის შემდეგ გაირკვევა, როგორი პრინციპით მოხდება საარჩევნო სიის ფორმირება.
როგორც ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამჟამინდელი მდგომარეობით არავინ იცის, როგორი იქნება კოალიცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან ამ თემაზე კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის ჯერ არანაირი შეთანხმება არ შემდგარა.
ამასთან, ბერძენიშვილის თქმით, თავად "რესპუბლიკეთა" სიაში რაიმე მოულოდნელობა არ იქნება, რადგან ცნობილია პარტიის როგორც ძველი, ისე ახალი სახეები.
"ვვარუდობთ, რომ კოალიციის ლიდერი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება. ამის შემდეგ "ქართული ოცნება", "ფორუმი", "მრეწველები", "რესპუბლიკელები" და სხვები, ვისაც ჰყავს პოლიტიკური წარმომადგენლები პოლიტსაჭოში, შეკრიბებიან და იმსჯელებენ, როგორი იქნება მომავალი საპარლამენტო სია. რა თქმა უნდა, ამ პროცესში იქნება ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა, რომელმაც კოალიცია შექმნა და არ გამიკვირდება, რომ აქ მისი აზრი გაითვალისწინონ. ამ წუთის მდგომარეობით არ არის გარკვეული, თუ როგორ იქნება სია ფირმირებული, ვის რამდენი კვოტა ექნება, როგორ გადანაწილდება ადგილები, როგორ იქნება პარტიებს შორის ბალანსი და ასე შემდეგ. ის ცალკეული პირები კი, ვინც ამ თემაზე საუბრობს მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.