ვახტანგ ქირიას ე.წ. კასრების საქმეზე არც ერთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ აქვს

ვახტანგ ქირიას ე.წ. კასრების საქმეზე არც ერთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ აქვს

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატ გია გოროზიას განცხადებით, მოკლულ პროკურორს ვახტანგ (პაატა) ქირიას ე.წ. კასრების საქმეზე არც ერთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ აქვს.

ამის შესახებ გოროზიამ, როგორც ე.წ. კასრების საქმეზე რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატმა, ჟურნალისტებს განუცხადა. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პაატა ქირია "კასრების საქმეში" იყო ჩართული, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ასე არ არის.

"ქირიას ჰქონდა თუ არა შემხებლობა ე.წ. კასრების საქმესთან, ეს არ ვიცი. თუმცა, უშუალოდ მისი ხელმოწერით ამ საქმეში დოკუმენტი არ არსებობს", - განაცხადა გია გოროზიამ.

მისი თქმით, ამ საქმეზე ზუგდიდის პროკურატურას გარკვეულ დავალებებს ქალაქის პროკურატურა აძლევდა.

გია გოროზია თბილისის პროკურატურაში გარდაცვლილი კუჭავას მეუღლესთან და ადვოკატთან, ასევე დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად მივიდა, თუმცა მასზე საშვი არ დაუშვეს და თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილთან შეხვედრაში არ მონაწილეობს.