ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ვადა 27 იანვარს ამოიწურება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"დღეს იყო მორიგი შეხვედრა ექსპერტებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის, პროცედურულ საკითხებზე. პირველ რიგში, შევჯერდით ყველა ერთად და განვსაზღვრეთ, რომ 27 იანვარი არის ის ბოლო ვადა, როდესაც შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი", - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს ასევე საბოლოოდ შეთანხმდნენ შეფასების კრიტერიუმებზე.
"ეს არის სამი ძრითადი კრიტერიუმი. განათლება, პროფესიული გამოცდილება და ცხადია, პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, 27 იანვარს, ექსპერტებს გადაეგზავნებათ კონკრეტული კანდიდატურები და 27 იანვრიდან დაიწყება შეფასების პროცედურა.
"ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპს ამ ნაწილში ჩვენ ძალიან სწრაფად გავივლით, ამის შემდეგ იქნება პრეზიდენტისთვის წარდგენილი კანდიდატურები და ის დაასახელებს შემდგომ ერთ-ერთ მათგანს, დღეს იყო გარკვეულ კანდიდატურებზე საუბარი, თუმცა ამაზე საბოლოო ჯამში ვისაუბრებთ 27 იანვარს", - განაცხადა აბაშიშვილმა.