საქართველო ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას, - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სტუდენტებთან საუბრისას ბერძენიშვილი გენდერული ბალანსის თემას და ქორწინების საკითხს შეეხო.
"საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს მე ვერ გიკარნახებთ. გასაგებია, რომ მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ, თუმცა ქართველი კაცები ამ საქმის მოსაგვარებლად მზად იყვნენ – გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცლება. საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა. იგი ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში გარკვეულია ეს რატომ მოხდა – მუშაობენ და არ უნდათ კარიერაზე უარი თქვან. შვეიცარიაში კაცს ცოლის მოყვანა რომ უნდა, ქალები ეუბნებიან: არ მცალია ამისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი უცნაურობაა – ქალთან ერთად წლების განმავლობაში ხარ და რომ უთხრა, მიყვარხარო, იმ წუთას დაკარგავ, რადგან სწორედ ეგ არ უნდათ – სიყვარულობა, ურთიერთობა – ისე რაც გინდა და როგორც გინდა... ოღონდ სიყვარულობა და ასეთი რამეები არა", - აცხადებს ბერძენიშვილი.
ლევან ბერძენიშვილი კიდევ ერთ სტერეოტიპს შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთგულება ქართული ფენომენი ჰგონიათ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევაში, ოჯახი აუცილებლად დაინგრევა, ხოლო საქართველოში - არავითარ შემთხვევაში და "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ღალატი არასწორი მხრიდან მომდინარეობს".