რევაზ არველაძე - ალბათობა, რომ რუსეთმა სომხეთს გაზი საქართველოს ნაცვლად ირანის გავლით მიაწოდოს, რეალობასთან ახლოსაა

რევაზ არველაძე - ალბათობა, რომ რუსეთმა სომხეთს გაზი საქართველოს ნაცვლად ირანის გავლით მიაწოდოს, რეალობასთან ახლოსაა

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის რევაზ არველაძის შეფასებით, ალბათობა იმისა, რომ რუსეთმა სომხეთს გაზი, საქართველოს ნაცვლად, ირანის გავლით მიაწოდოს, რეალობასთან ახლოსაა, თუმცა რამდენად გააკეთებს ამას, მეორე საკითხია.

მიუხედავად ამისა, არველაძის აზრით, საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, თავისი პოზიციები და, თუ შესაძლებელი იქნება, ტრანზიტის საფასურით ნატურით მიღების არსებული სქემა შეინარჩუნოს.

"არ ვიცი, ულტიმატუმის სახე მისცა, თუ არა, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, "გაზპრომმა" დააყენა საკითხი, რომ ნატურის მაგივრად ფულით აანაზღაუროს ტრანზიტის საფასური. რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ თუ ამას არ დავთანხმდებით, რუსეთმა სომხეთს გაზი, შეიძლება, ირანიდან მიაწოდოს, ირანსა და სომხეთს შორის არის ერთი გაზსადენი, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც აშენდა. იმის გამო, რომ საკმარისი საკომპრესორო სადგურები არ არის, ამ გაზსადენის გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, არის 1 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. თუმცა, ამის გაზრდა შეიძლება 2,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ასე რომ, პირველ ეტაპზე, რუსეთს შეუძლია, 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ირანის გავლით სომხეთს დღესვე მიაწოდოს, ანუ იმის ნახევარი, რაც სომხეთის მოთხოვნილებაა. ალბათ, 1 წელიწადში კი, უკვე შეეძლება, მთლიანად დააკმაყოფილოს სომხეთის მოთხოვნილება. ასე რომ, ის რაც უთქვამს რუსეთს, რეალობასთან ახლოსაა, რამდენად გააკეთებს, ეს მეორე ამბავია", - განუცხადა არველაძემ "ინტერპრესნიუსს". 

თუმცა, არველაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ სირთულეებზე, რომელსაც საქართველოს სატრანზიტო როლის ირანით ჩანაცვლება შექმნის მხარეებისთვის.

"ირანთან დაკავშირებით სხვანაირი სქემაა. სომხეთს ირანთან აქვს ხელშეკრულება, რომ გაზის ნაცვლად, რომელსაც ირანიდან იღებს, ელექტროენერგია უნდა დაუბრუნოს. გამოდის, რომ მაშინ ეს ხელშეკრულება უნდა ჩაიშალოს", - აღნიშნა არველაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, უფრო მომგებიანია, ტრანზიტის საფასური გატარებული გაზის 10%-ის სახით, ნატურით მიიღოს, ვიდრე ფულადი ანაზღაურებით.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 100 კილომეტრზე 1000 კუბურ მეტრი გაზის გატარებაზე გადასახადი სადღაც 2-3 დოლარის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე, იმ ფულით, რასაც მივიღებთ, 200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს ვეღარ ვიყიდით, უფრო ნაკლებს ვიყიდით. აქედან გამომდინარე, საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს, თავისი პოზიციები დაიცვას და თუ შესაძლებელი იქნება, შეინარჩუნოს არსებული სქემა, როდესაც ნატურით ვიღებთ გატარებული გაზის 10%-ს", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა იბრძოლოს საკუთარი ინტერესებს დასაცავად, თუმცა რამდენად მიაღწევს შედეგს, ძნელი სათქმელია.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა "გაზპრომის" მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაუხადოს, თუმცა კომპანიამ ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს.