სალომე სამადაშვილი - მთავრობა ოროსან მოსწავლეს მაგონებს, რომელიც ელოდება მასწავლებელი როდის დაუღეჭავს და ჩაუდებს პირში დავალებას

სალომე სამადაშვილი - მთავრობა ოროსან მოსწავლეს მაგონებს, რომელიც ელოდება მასწავლებელი როდის დაუღეჭავს და ჩაუდებს პირში დავალებას

საქართველოს საკითხი დასავლეთის დღის წესრიგში აღარ დგას და ამის მიზეზი ხელისუფლების პასიური საგარეო პოლიტიკაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური ფაქტობრივად აღარ არსებობს და ის დანგრეულია.

"საქართველო დასავლეთის დღის წესრიგში თითქმის არ ფიგურირებს. ამის მიზეზია ის, რომ სამწუხაროდ, დღეს ქვეყანას აქტიური საგარეო პოლიტიკა არ აქვს. საქართველოს დიპლომატიური სამსახური ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის დანგრეული და განადგურებულია. შესაბამისად, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო აღარ ფიგურირებს... 

სამწუხაროდ, ჩვენზე აღარსად ლაპარაკობენ, დასავლურ პრესას თუ გადახედავთ, ჩვენზე კარგი არაფერი იწერება. ჩვენი ქვეყანა რადარებიდანაა გამქრალი და ეს ჩვენი მთავრობის არაადეკვატური მუშაობის შედეგია...

გასული 10-15 წლის განმავლობაში, საქართველოს ნიშა და პრივილეგია იყო, რომ ის წარმატებული დემოკრატიული განვითარების მაგალითს წარმოადგენდა რეგიონში, მითუმეტეს, რომ ჩვენ ასეთი მძიმე სამეზობლო და რეგიონი გვაქვს. სამწუხაროდ, ეს ფუნქცია თუ პრივილეგია ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა. დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, რაც საერთაშორისოდაა აღიარებული. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფორმალური პოლიტიკური მმართველობის სისტემა გადავიდა არაფორმალურ რელსებზე, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოებს გარეთაა გასული. შესაბამისად, დღეს საქართველო აღარავისთვის აღარაა საინტერესო, ის ერთი გაურკვეველი პოლიტიკური სისტემის, გაურკვეველი მომავლის მქონე პოსტსაბჭოთა ქვეყნად ჩამოყალიბდა", - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპასთან თანამშრომლობას, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს მაგალითი, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ევროპის თანამშრომლობის ფორმატი მესამე ქვეყნებთან, რომლებიც გაწევრიანების კანდიდატები ჯერ არ არიან.

"თუმცა საქართველოს მთავრობა ოროსან მოსწავლეს მაგონებს, რომელიც ელოდება, მასწავლებელი როდის დაუღეჭავს და ჩაუდებს პირში დავალებას", - აღნიშნა სამადაშვილმა.