ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზალკალიანი, თუკი ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკური დაკვეთით ბოლომდე იქნება მიყვანილი, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
ალასანიამ მისი ყოფილი თანაგუნდელის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნება შეაფასა და აღნიშნა, რომ დავით ზალკალიანის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.
"ეს არის მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. დავით ზალკალიანი ერთი წელია პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა. ბუნებრივია, ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან პოლიტიკური დაკვეთით დაწყებული საქმე პროკურატურაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა და, რა თქმა უნდა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზალკალიანი, თუკი ეს საქმე ბოლომდე იქნა მიყვანილი", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე განმარტებით, არ იცის, დავით ზალკალიანს დღეს მურუსიძის სასამართლო ან შოთაძის პროკურატურა მოსწონს თუ არა, მაგრამ იცის, რომ ის პროფესიონალია და საგარეო საქმეთა სამინისტროს გააძლიერებს.
"ჩვენ პიროვნული შეუთავსებლობის გამო არ წამოვსულვართ ხელისუფლებიდან, ჩვენ წამოვედით პრინციპული ღირებულებითი შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან სასამართლო და პროკურატურა ისევ ხელისუფლების მხრიდან კონტროლდება. მე არ ვიცი, ბატონ ზალკალიანს მურუსიძის სასამართლო, ან პროკურატურა, რომელსაც შოთაძე ხელმძღვანელობს ახლა მოსწონს თუ არა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ დათო მართლაც თავისი საქმის პროფესიონალია. მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი იქ დაბრუნებით გაძლიერდება,და რადგან მან არჩია, რომ საჯარო პოლიტიკიდან წავიდეს და დაბრუნდეს საჯარო სამსახურში, ჩემი აზრით, მისი ადგილი სწორედ იქ არის. ჩვენ მეგობრობაც გვაკავშირებს, მაგრამ ამ საკითხებზე მე პირადად მასთან აღარ ვსაუბრობ", - განმარტა ირაკლი ალასანიამ.