საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ლატვიის უნივერსიტეტში გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დავით უსუფაშვილმა ქვეყნის საგარეო კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართ ქვეყანაში არსებულ წამყვან პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთსულოვნებაა.
"დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობას გააჩნდა და გააჩნია ერთი კურსი - ევროპა. საქართველომ მიაღწია სერიოზულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, ისევე, როგორც ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს არ სურს იყოს ბარიერებისა და დაბრკოლებების შემქმნელი საგარეო პოლიტიკურ არენაზე, პირიქით, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სამყაროსთვის დასაყრდენი პარტნიორია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც. "ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს რუს ხალხთან, მაგრამ ბევრი პრობლემა გვაქვს რუსეთის მთავრობასთან. მიუხედავად ამისა, ჩვენი სტრატეგიაა მოთმინება. საქართველო არ გამოიყენებს ძალას კონფლიქტების გადასაჭრელად. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ მათ ასევე მოახდინონ ჩვენი გეგმების, ხედვებისა და გონების სრული ოკუპაცია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტების მოგვარების, ტერორიზმის და სხვა გლობალური საკითხების გადაჭრის მიმართულებით. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, ავღანეთში, სადაც საქართველო სამხედრო ძალების კონტრიბუტორი ყველაზე მსხვილი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. დავით უსუფაშვილმა ისაუბრა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამაზეც. მისი თქმით, ეს ფორმატი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვნად დაეხმარა.
"ამჟამად საჭიროა უფრო მეტი მუშაობა იმისთვის, რომ შემუშავებული იქნას ინდივიდუალური მიდგომები ფორმატში შემავალი ყველა ქვეყნისთვის", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
გარდა ამისა, დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ქართულ ანბანთან დაკავშირებული გამოფენის გახსნას დაესწრნენ.
საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც დავით უსუფაშვილთან ერთად თედო ჯაფარიძე, გიორგი კახიანი, მიხეილ მაჭავარიანი და ვიქტორ დოლიძე შედიან, ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტს 19 იანვარს დაასრულებს.