რეფორმა მისასალმებელია, თუ ის მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს მოსამართლეების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევა

რეფორმა მისასალმებელია, თუ ის მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს მოსამართლეების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევა

საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებები ბევრი გვინახავს, თუმცა რას გულისხმობენ, უცნობია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პოზიციას, რომ  საკონსტიტუციო სასამართლო რეფორმას საჭიროებს.

მისი თქმით, რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებები და ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა საეჭვოდ დაემთხვა უგულავას და "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

"ვიღაცები უკმაყოფილოები არიან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით და კონკრეტულად უნდა ვნახოთ, თუ რას გულისხმობენ ისინი რეფორმაში. ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოზე საეჭვოდ დაემთხვა უგულავასა და "რუსთავი 2"-ის საქმეებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმა მისასალმებელია იმ შემთხვევაში, თუ ის მიმართულია საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გაუმჯობესებისა და ასევე იმისკენ, რომ აღარ მოხდეს მოსამართლეებზე თავდასხმები და ხელისუფლების მხრიდან ჩარევა. "ასეთ რეფორმას, პირიქით, მივესალმებით და გვერდში დავუდგებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.