ადვოკატის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს გამგზავრებას აპირებდა

ადვოკატის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს გამგზავრებას აპირებდა

ადვოკატის ინფორმაციით, "საქართველოს ხმის" დამფუძნებელს ბიძინა კუჭავას, რომელმაც, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა, აფრიკის ვიზა ჰქონდა და თვის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას.

როგორც ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კუჭავა აფრიკაში გამგზავრებას ბიზნესთან დაკავშირებით აპირებდა. ადვოკატის ინფორმაციით, გარდა ამისა, არაერთი საეჭვო გარემოება არსებობს, რომლითაც დასტურდება, რომ ბიძინა კუჭავას თავი არ მოუკლავს და იგი განზრახ მოკლეს. ადვოკატის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ბიძინა კუჭავასთან სახლიდან გასვლამდე განხორციელდა იგივე ხელწერის ზარი, როგორც 13 იანვარს პროკურორ ვახტანგ ქირიასთან. კერძოდ, ადვოკატის განცხადებით, 13 იანვარს ვახტანგ ქირია სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა სახლიდან, ისევე როგორც 16 იანვარს ბიძინა კუჭავა. ადვოკატის თქმით, 16 იანვარს კუჭავას სახლიდან გასვლა უკავშირდებოდა მის მიერ დაგეგმილ შეხვედრას ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე.

ნათია კორკოტაძის განცხადებით, კუჭავას დაკრძალვის შემდეგ ოჯახი აპირებს მიმართოს პროკურატურას და სახელის რეაბილიტაცია მოითხოვოს. ადვოკატმა განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძესაც უჩივლონ სატელევიზიო განცხადებებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მინისტრის მოადგილემ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ნათია კორკოტაძის განცხადებით, პროკურატურისგან ოჯახი ასევე მოითხოვს თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბიძინა კუჭავას ოჯახი არ იცნობს პოპოვებს, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, კუჭავასთან ერთად იმყოფებოდნენ ავტომობილში. ადვოკატმა აღნიშნა, რომ პოპოვები სავარაუდოდ გლდანში ან მუხიანში ცხოვრობენ. გარდა ამისა სხვა რაიმე ინფორმაცია მათ შესახებ არ გააჩნიათ.

ნათია კორკოტაძის განცხადებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მუშაობაში ჩაერთვება დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელმაც გუშინ გარდაცვლილი ცხედარი დაათვალიერა. რაც შეეხება დაზიანებებს, ნათია კორკოტაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა კუჭავას ცხედარს ფეხის თითის არეში აღენიშნება დაზიანება, თუმცა ეს არ არის მოჭრილი და მიკერებული. ასევე მან სხვა დაზიანებებზეც ისაუბრა, თუმცა ჯერჯერობით დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.