ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ზოგიერთი ქმედება ერაყში, შესაძლოა შეფასდეს როგორც სამხედრო დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და გენოციდის აქტები.
როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, ამის შესახებ გაერო-ს ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს ჟენევაში გამოქვეყნდა და ერაყში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას მიეძღვნა
დოკუმენტის თანახმად, "ისლამური სახელმწიფო" კვლავ განაგრძობს ძალადობის სისტემატური და მასშტაბური აქტების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევას.
"ზოგიერთ შემთხვევაში ეს ქმედებები შესაძლოა, წარმოადგენდეს სამხედრო დანაშაულს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულსა და შესაძლოა, გენოციდსაც კი", - ნათქვამია ანგარიშში.
გაერო-ს მონაცემებით, 2014 წლის 1-ელი იანვრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრამდე ერაყში 18 802 ადამიანი დაიღუპა და 36 245 დაიჭრა, 3,2 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილი გახდა.