გიორგი კვირიკაშვილისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის თუ ირაკლი ღარიბაშვილის დროს არიან დანიშნული , - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მთავრობიდან ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული კადრების შესაძლო წასვლის თაობაზე დასმულ კითხვას.
ვოლსკი ახლო მომავალში სამთავრობო ცვლილებებს არ ელის და ამბობს, რომ საკითხი "გაბერილია".
"ვიღაც ამ საკითხს საგანგებოდ "ბერავს", თითქოს და, მთავრობაში არსებობენ ირაკლი ღარიბაშვილის კადრები, ბიძინა ივანიშვილის კადრები და გიორგი კვირიკაშვილის კადრები. გიდასტურებთ იმას, რომ საკადრო შემადგენლობა არის საერთო, ეს არის ერთი გუნდი და არ არის დაყოფილი. ეს არა თუ მცდარი შეხედულებაა, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ მოტივაციასაც ატარებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.
ამ კონტექტში დეპუტატმა ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ელოდება მთავრობიდან შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის წასვლას, რადგან "ის შესანიშნავი მინისტრია, სისტემაში შესანიშნავი რეფორმები გაატარა და მაღალ პროფესონალურ დონეზე მუშაობს".
არსებული ინფორმაციით, მთავრობა შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებულმა მინისტრებმა დატოვონ. ამ კონტექტში მოიაზრება გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. ასევე ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად ითვლებიან კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და მისი მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძე.