შს მინისტრის მოადგილე მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს

შს მინისტრის მოადგილე მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს

მინისტრის მოადგილე მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის სატელევიზიო გამოსვლის კომენტირებისას პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა.

ადვოკატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ არც ერთი მინისტრის მოადგილე მსგავს განცხადებას არ უნდა აკეთებდეს.

"ბიძინა კუჭავას ჰყავს 12 წლის შვილი და როგორია, როდესაც მსგავს სატელევიზიო გამოსვლას ისმენს, რომ სისხლისგან დაცალა და დანაწევრებას შეუდგა. თალაკვაძემ ისაუბრა გოჩა მაღალდაძის მკვლელობაზე, რომელიც 2007 წელს მოხდა. თუკი კვალი კუჭავაზე მიდის, მაშინ მაღალდაძის მკვლელობის ბრალდებით მსჯავრდებულები ამდენი წელი უკანონო პატიმრები არიან?!" - განაცხადა კორკოტაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები გამოძიების პერიოდში არ უნდა კეთდებოდეს.

მისი თქმით, ბიძინა კუჭავას ოჯახს აქვს ეჭვი, რომ კუჭავას თვითმკვლელობა არ ჩაუდენია და ეს იყო განზრახ მკვლელობა, რაზეც ოჯახი დაკრძალვის შემდეგ, პროკურატურას მიმართავს.

შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბიძინა კუჭავამ სავარაუდოდ, პროკურორ ქირიას გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას.