"ელისაშვილი თავადაც ვერ ხვდება, ისეა ის „ნაცმოძრაობის“ მიერ იარაღად გამოყენებული"

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, ე.წ შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებით, პროკურატურის დასკვნის შემდეგ, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

როგორც კობახიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ალეკო ელისაშვილი ისე გამოიყენა, რომ ელისაშვილი თავადაც ვერ ხვდება.

„ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სარჩელს აუცილებლად შევიტანთ. ამ საქმეზე ველოდები პროკურატურის დასკვნას, რადგან მნიშვნელოვანია, თავად პროკურატურამ თქვას რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ვჩქარობთ ელისაშვილთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შესაძლოა, არამხოლოდ სამოქალაქო სამასრთლებრივ პროცედურებზე, არამედ სხვა ტიპის პროცედურებზეც გვქონდეს ფიქრი იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა. რაც შეეხება ელისო კილაძესთან დაკავშირებით, სარჩელი შეტანილია, ბუნებრივია, გარკვეულ პროცედურებს გაივლის და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვიდავებთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, ე.წ. შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებული კამპანია, „ნაციონალური მოძრაობდან“ მოდის, რომლებიც ელისაშვილთან და მეგობარ ჟურნალისტებთან ერთად, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ ბრძოლას.

„შესაძლოა, ელისაშვილი თავადაც ვერ ხვდება, ისეა ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იარაღად გამოყენებული. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ბინძური კამპანია „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის და არამხოლოდ მათგან, მათ ინტერესებს ემთხვევა, ალბათ, ყოფილი კუდ-ის თანამშრომლების, ყოფილი ძალოვანების ინტერესებიც, ახლა რომ რაღაც არასამთავრობოები აქვთ შექმნილი. ბოლშევიკური მეთოდებით „ნაციონალური მოძრაობა“, ელისაშვილი და მისი მეგობარი ჟურნალკისტები ცდილობენ ბრძოლას „ქართულ ოცნებასთან“, არამხოლოდ კობახიძესთან ან ბესელიასთან“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.