"ვიზალიბერალიზაცია, სავარაუდოდ, ზაფხულში იქნება"

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ვარაუდობს, რომ ვიზალიბერალიზაციას საქართველო, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებს. 

როგორც ბაქრაძე აცხადებს, 19 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მას ევროპული საბჭო განიხილავს და რამდენიმე თვეში მიიღებს გადაწყვეტილებას.

ბაქრაძე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის კურსს, ევროპა მხარს უჭერს.

„გადაწყვეტილება, რომელიც 19 დეკემბერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ჯერი ბრიუსელზეა. ამის შემდეგ მას განიხილავს ევროპის საბჭო უმაღლესი ორგანო, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით არის უკვე პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მისამართით. რაც შეეხება ზუსტ თარიღს, მასზე აპელირება არასახარბიელოა ხოლმე. გახსოვთ, დეკემბრის თვეში ველოდით ამ დასკვნას და რამდენიმე საათით დაგვიანებამ საზოგადოება ააფორიაქა. დაველოდოთ ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება ზაფხულში, რადგან ასეთია სხვა ქვეყნების პრაქტიკა“, - განაცხადა ბაქრაძემ პანკისის ხეობაში სტუმრობისას, სადაც ხუთი სამინისტროს წარმომადგენლები უხუცესებს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.