ეკა აბაშიძე ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით ფინანსური პოლიციაში დაიბარეს

ეკა აბაშიძე ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით ფინანსური პოლიციაში დაიბარეს

ეკა აბაშიძე ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით ფინანსური პოლიციაში დაიბარეს. როგორც აბაშიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ის აპირებს ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით სამართალდამცველებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს.

"ტილოს თაობაზე სურთ შეხვედრა და არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე რაც მაქვს იმ ინფორმაციას მივაწვდი, მათ შორის ჰუსეინოვის ხელწერილს და სასამართლო გადაწყვეტილებას. ორშაბათს კი სასამართლოდან ამოვიღებ ყველა იმ დოკუმენტს, რაც არსებობს და დამატებით ინფორმაციას წარვადგენ", - განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ის უჩივის ჰუსეინოვს, რომელმაც თაღლითობით წაიღო ტილო და სრული თანხა არ გადაიხადა.

სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოიტანეს, რუსეთში კი – ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც დაკავებულები არიან.

ეკა აბაშიძის თქმით, ნახატი მისმა ძმამ გიორგი აბაშიძემ ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა. შემდეგ ოჯახმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა და შესაბამისი ხელშეკრულება მალხაზ მახარაძესა და ზაჰირ ჰუსეინოვთან გააფორმა, რომლებმაც შეთანხმებული 37 000 დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 7 000 დოლარი გადაუხადეს.