10 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი

10 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და წვიმაა მოსალოდნელი

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 13 იანვრის ჩათვლით უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, გუშინ ძლიერი ქარი - 25 მეტრი წამში, ქობულეთში დაფიქსირდა, ბათუმში 18 მეტრი წამში იყო, თბილისის აეროპორტში - 19 მეტრი წამში.

საქართველოში ქარი დღესაც შენარჩუნდება და ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგან უფრო გაძლიერდება და ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრს მიაღწევს, კერძოდ, თბილისის გარეუბნებში და კოლხეთის დაბლობზე. მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ქარბუქი. შავი ზღვის სანაპიროზე დღეს ქარი შესუსტდება.

10 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება. 11 იანვარს - 16 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 12 იანვარს – 18 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. გასულ ღამეს ძლიერად თოვდა და ახლაც გრძელდება თოვა რიკოთის უღელტეხილზე. ასევე თოვდა ბაკურიანსა და გუდაურში, თოვლი იყო მესტიაში, აჭარის მთიანეთში კი ზოგან თოვდა, ზოგან კი თოვჭყაპი იყო.

11-12 იანვარს დასავლეთ საქართველოში დღის ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა 10 იანვარს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ ზოგან შესაძლოა შენარჩუნდეს წვიმა. შემდგომ 13 იანვრის ჩათვლით უნალექო მზიანი ამინდი იქნება.