თურქეთში საქართველოს საელჩო ქართველი ბიზნესმენების დაკავებაზე ინფორმაციას არ ფლობს

თურქეთში საქართველოს საელჩო ქართველი ბიზნესმენების დაკავებაზე ინფორმაციას არ ფლობს

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, საელჩოს თურქეთში ქართველი ბიზნესმენების შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

როგორც კოპლატაძემ "პირWელთან" საუბარში აღნიშნა, მსგავს ინფორმაციებზე წესით თურქეთის ძალოვანი უწყებები საელჩოს აწვდიან ინფორმაციას, რაც ჯერ არ მომხდარა. 

"იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე დაკავებულია, ან ეჭვიმატნილია, თურქეთის შესაბამისი ძალოვანი უწყებები, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან მერია, გვატყობინებს ხოლმე ან საელჩოს, ან საკონსულოს.  ჯერ-ჯერობით ასეთი მომართვა არ ყოფილა. ამ წუთისთვის ის ინფორმაცია გვაქვს, რაც გავრცელდა. ჩვენგან ამ ეტაპზე ამ საკითხის მოკვლევა ჩვენი კომპეტენცია არ არის. გარკვეული არხებით ვცდილობთ, რომ დავაზუსტოთ, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია რეალობას. როგორც წესი და ეს არის ქვეყნებს შორის ეტიკეტი და დიპლომატია, რომ როცა ესა თუ ის მოქალაქე დაკავებული ან ეჭვმიტანილი იქნება, საელჩოს გვატყობინებენ ხოლმე", - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის რადიო "თურქეთის ხმის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქართველი ბიზნესმენები დააკავეს, რომლებსაც ანტონ ვან დეიკის ნახატის კონტრაბანდული გზით შეტანა ედებათ ბრალად. რადიოს ინფორმაციით, ნახატი, რომელიც 14 მილიონადაა შეფასებული, საქართველოში რუსეთიდან შემოიტანეს.

ბიზნესმნენები, მე-17 საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ფერწერული ტილოს გაყიდვას ცდილობდნენ.