საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც უამინდობის პერიოდში დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულეს, სანქციები უნდა იქნას გამოყენებული.
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, კონტრაქტორმა კომპანიებმა ვერ გაითავისეს ის ვალდებულებები, რომლებიც მათ გააჩნიათ. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს სთხოვა, რომ გზების დეპარტამენტისა და შესაბამისი უწყებების მხრიდან მოსახლეობას რეგულარული ინფორმაცია მიეწოდოს.
„ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისეის მიწოდება. მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს, რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და უბედურება მოხდეს. თუ კონტრაქტორი ვალდებულებას კარგად ასრულებს, წავახალისოთ და მადლობა ვუთხრათ, თუ ვერ ასრულებს ვალდებულებებს, სანქციები გამოვიყენოთ, რადგან ჩვენს თანამოქალაქეებს ალბათ არ აინტერესებთ, რა სტრუქტურით ვირჩევთ ამა თუ იმ კომპანიას და ის, რომ რომელიმე ქვეკონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ ვალდებულებებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი, ამიტომ მაქიმალურად შევეცადოთ, რომ კარგი კომპანიები წავახალისოთ და იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, სანქციები გამოვიყენოთ და სამომავლო ურთიერთობებში გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.