"სამი დღის განმავლობაში გზა არ იწმინდებოდა და ალბათ საჯარიმო სანქციების გამოყენება მოგვიწევს"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის დიდთოვლობის გამო გამოწვეული პრობლემები თითქმის აღმოფხვრილია.

როგორც ჯავახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამუშაოებს ზვავსაშიშროება და ქარბუქი აფერხებს. "სულ ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაური ისედაც დაკეტილი იყო და მლეთადან დაიკეტა გზა. ამას ჯერ ალბათ, ვერც ვერაფერს ვუშველით. იმედია, მოიხსნება ზვავსაშიშროება და იქ გავხსნით გზას. სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მიმართულებით პრაქტიკულად სამივე გზა გვქონდა დაკეტილი, ორი გახსნილია უკვე: ნინოწმინდა-სომხეთი და ახალქალაქი-კარწახი, მაგრამ ქარბუქის გამო სამუშაოები ვერ მიდის ფარავანი-ნინოწმინდის მიმართულებით. ნაქერალაზე, ცაგერის მიმართულებით გქვონდა სერიოზული პრობლემები, სამი დღის განმავლობაში პრაქტიკულად არ იწმინდებოდა გზა, მოგვიწევს ალბათ, გარკვეული საჯარიმო სანქციების გამოყენება. დღეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ჯვარი-ხაიშზე გარდა იმისა, რომ ცოტა დაგვიანდა გაწმენდითი სამუშაოები, მერე ზვავები წამოვიდა და რამდენიმე ადგილას მანქანებიც კი იყო მოყოლილი. ახლა გაწმენდილია, მაგრამ დარჩა ვიწრო ადგილები, რომლებიც ბოლომდე ვერ გაიწმინდა. გარკვეულ ადგილებზე ერთი მიმართულებით გადის მანქანები და დარეგულირება სჭირდება. გოდერძის უღელტეხილი ჩაკეტილია და ეს ალბათ თებერვლის ბოლომდე იქნება, თუმცა მაღალი გამავლიანობის მანქანების გასვლა ბათუმის მხრიდან კურორტზე შესაძლებელია. კიდევ ერთხელ შეგვექმნა პრობლემები ჩხარაზე, იქ უკვე მეოთხედ წაიღო ის დროებითი გზა. იტალიელები მუშაობენ იქ, გუშინ მქონდა სერიოზული საუბარი კონტრაქტორებთან, 2 დღეში ალბათ ხიდი ისე გაკეთდება, რომ შემოვლითი გზა აღარ დაგვჭირდება. ასფალტი და ბეტონი არ იქნება, მაგრამ ხიდზე მანქანები გადავლენ და ეს პრობლემაც მოგვეხსნება ალბათ. გუდაურში ძალიან მაღალი ყინვების გამო წყალმომარაგების პრობლემები იყო, მაგრამ იმავე დღეს მოიხსნა. ოპერატიული კონტროლი მიდის. სამწუხაროდ, მილები ჩაწყობილია ზედაპირულად და რომ არ გაიყინოს, წყალი მოშვებულია. ოპერატიული მართვით პრაქტიკულად არავის უწყლოდ არ ვტოვებთ", - აღნიშნა მინისტრმა.